უკრაინელი ბავშვები თსუ-ში

უკრაინელი ბავშვები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბავშვო უნივერსიტეტის  საშაბათო სკოლას თბილისის სხვადასხვა სკოლაში განაწილებული უკრაინელი მოსწავლეები შეუერთდებიან. საშაბათო სკოლაში მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით მრავალფეროვანი თემატური ლექციები ჩატარდება. 
უკრაინელ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინე ლომოური, თსუ პროფესორები, სტუდენტები შეხვდნენ. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსუ რექტორმა  უნივერსიტეტის დაარსების ისტორიისა და საბავშვო უნივერსიტეტის აქტივობების შესახებ ისაუბრა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს უკრაინის დახმარებას. ამჯერად,  უკრაინელ მოსწავლეებს  შევთავაზეთ თსუ-ს საშაბათო სკოლაში მონაწილეობა, რაც საშუალებას მისცემთ მათ სკოლის შემდეგ მიიღონ დამატებითი განათლება: ბევრი რამ დააინტერესებთ - ასტრონომიით დაწყებული და სახალისო ფიზიკით დამთავრებული. გვინდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც ლტოლვილის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში,“- აღნიშნა თსუ-რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

უკრაინელმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ პირველი კორპუსის სამუზეუმო სივრცეები და ბიბლიოთეკა. საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ- გასართობი ღონისძიებები გააცნო. „უკრაინელი ბავშვებისთვის ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ  თავი იგრძნონ ლაღად, თავისუფლად, გაეცნონ თბილისს და  საქართველოს; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ გაცნობისა უნდა  იყოს ჩვენი უნივერსიტეტი. მათ დაათვალიერეს მუზეუმი, ბიბლიოთეკა, გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, სასწავლო პროცესს. ვფიქრობ, ეს მათთვის საინტერესო, სასაგებლო და  მნიშვნელოვანი იქნება,“- განაცხადა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის, თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობით,  უკრაინელი მოსწავლეები „პლანეტარიუმი მთაწმინდაზე“ უკრაინულ ენაზე ნახავენ ფილმს „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“,  17 აპრილს კი დაესწრებიან სპექტაკლს გრიბოედოვის თეატრში.