წარმოუდგენელია ადამიანი ხედავდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში, მის ქალაქებში და სოფლებში ხდება და არ შეგაძრწუნოს იმ განსაცდელმა, რომლის წინაშე უკრაინელი ხალხი დგას! შეუძლებელია რაიმე ახსნა, რაიმე მიზეზი, რაიმე განმარტება ჰქონდეს რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ პარლამენტოს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
მისი თქმით, ომის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს ომის, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ!
„ეს საშინელება უნდა დასრულდეს! ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმე საყურებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საკუთარ თავზე 1990-იანი წლებში და 2008 წელს არაერთხელ გამოვცადეთ ომის საშინელება. უკრაინელებო, საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც რიგითი ადამიანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, სიმტკიცით, გაუტეხელობით. თქვენს გმირულ თავგანწირვას მომავალ თაობებს მოუყვებიან.
განსაცდელი დროებითია. თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს, ვინაიდან სიმართლე თქვენს მხარესაა. დიდება და მშვიდობა უკრაინას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.