მართლაც უმძიმესი სურათია. ძალიან ბევრი ადამიანური დანაკარგი, ცარიელი ქალაქები - აქ პირდაპირ ჩანს ომის კვალი, რომელიც რუსეთმა საქართველოშიც დატოვა 90-იან წლებში და 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ვიზიტის დროს „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან. დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.