ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა ისხდნენ

ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა ისხდნენ

„არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ეს ბავშვური არგუმენტია, ამ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა ისხდნენ და არაფერში არსად არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც არასასურველი ძალა თუ პოლიტიკოსი იქნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობით, უკრაინაში არ გაემგზავრონ.

მისივე თქმით, უკრაინაში დელეგაციის გაგზავნა არა უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.

„ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ვურჩევდი, უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუს ერთხელ კიდევ მოუსმინონ, ნახონ მან როგორ ისაუბრა იმის მიუხედავად, თუ რა დაძაბულობა არსებობდა იმ პერიოდში ქართულ-უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, რამდენად კორექტულად, გვერდზე გადადო ეს დაძაბულობა. ეს ამ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მივდივართ, უკრაინაში მსოფლიო ლიდერები ჩადიან და საქართველო ჩავა თუ არა, ამით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, ჩვენთვის შეიცვლება. მე გუშინ საღამომდე ინფორმაცია, რომ არ აპირებდნენ წამოსვლას, არ მქონდა, გუშინ საღამომდე ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, ეს ახლა გადაწყვიტეს, როგორც ჩანს. მე, ასე ცალსახად, არც ხატია დეკანოიძისგან, არავისგან არ გამიგია ამის შესახებ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით კი „ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.

შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს. შალვა პაპუაშვილმა კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დროულად წარადგინონ ინფორმაცია უკრაინაში გასამგზავრებელი კანდიდატების შესახებ.