"ქართულმა ოცნებამ" კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ახლა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე, ვინ წამოვა და ვინ - არა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას უკრაინაში ვიზიტის თაობაზე.
მისი თქმით, ის მზად არის დელეგაციაში მონაწილეობისთვის, რადგან მის შექმნაში თავად მიიღო მონაწილეობა და მისი ამოცანა იყო, ყველა ერთად წასულიყო უკრაინაში. იოსელიანისთვის მოუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა დელეგაციაში მათი შესაძლო მონაწილეობის გამო.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შესაძლებლობა აქვს, თავის წევრი ჩასვას დელეგაციაში და ერთად წავიდეთ უკრაინაში სამძიმრის და მხარსაჭერის გამოსახატად. „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ახლა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე, ვინ წამოვა და ვინ - არა. ჩვენ ვხედავთ, სოციალურ ქსელში დამუნათება მიდის „ნაციონალური მოძრაობის“, რომ შალვა პაპუაშვილთან ერთად როგორ უნდა ჩასხდნენ თვითმფრინავში, ასეთმა პოლიტიკამ მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. სამძიმარზე წასვლაზეა საუბარი და გასარჩევია ვისთან დაჯდები თვითმფრინავში, გვერდით თუ წინ. გუშინ რომ იქიდან გამოვედით და ორ დელეგაციაზე ვსაუბრობდით, ყველაფრის ღირსი ვიყავით იმის გამო, რომ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას დანგრეულ ქვეყანაში, რომელიც სისხლისგან იცლება ჩავიდეთ და სამძიმარი გამოვხატოთ. დღეს შემოთავაზებულია ყველასთვის ადგილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი პასუხისმგებლობაა, იქნებიან თუ არა ამ დელეგაციაში, სხვა საკითხია ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, თუ ყველას არ მოგვეცემოდა საშუალება წასვლის, მაშინ შალვა პაპუაშვილი წავიდოდა ცალკე და ჩვენ ცალკე, ეს შეთანხმება დაარღვია "ლელომ", გამოვიდა და ყველას ზურგს უკან გააკეთა განცხადება, ამ ყველაფერს რომ უყურებს ხალხი, რა წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ პარტიებზე? მე ამ დელეგაციაში მონაწილეობისთვის არათუ მზად ვარ, არამედ მის შექმნაში მივიღე მონაწილეობა და ჩემი ამოცანა იყო, ყველა ერთად წავსულიყავით,"- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს. ამასთან, ვიდრე მდინარაძე აღნიშნულ განცხადებას გააკეთებდს, "ლელომ" გაავრცელა განცხადება, რომ პარტიის წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.