გერმანიის ვიცე-კანცლერი: პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმით უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა

გერმანიის ვიცე-კანცლერი: პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმით უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა უკრაინა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

„სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ უკრაინულმა მხარემ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიას წარმოადგენს, ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან უარი არის უარი გერმანიას“, - აცხადებს ჰაბეკი.

კითხვაზე, გაემგზავრება თუ არა თავად ჰაბეკი ან კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში, ვიცე-კანცლერმა განაცხადა, რომ „ახლა ყველანი უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პრობლემას ვაგვარებთ, და არა ვამძაფრებთ, და სწორედ ამისთვის გამოიგონეს ტელეფონი“.

12 აპრილს, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია.