ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების აკრედიტებული პროგრამა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც 300-მდე მსმენელის გადამზადება იგეგმება. კურსდამთავრებულები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით დასაქმდებიან.
პროგრამის მიღწევებისადმი გამართულ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი მოადგილე კატალინ გერმანი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს უკვე დასრულდა მსმენელთა პირველი ჯგუფის სწავლება, ამასთანავე, პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო და თსუ-ში მოეწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. „შეფასება ძალიან მაღალია. ეს არის საშური საქმე და მოთხოვნადი პოზიცია. მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო, დააფინანსა ეს პროგრამა და სასიამოვნოა, რომ მისი მიზნობრიობისა და საჭიროების შესახებ პარტნიორებში გვაქვს ერთსულოვნება,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს სამ უნივერსიტეტში: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, „პროგრამა საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეისწავლონ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები, მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიარონ თეორიული მომზადება.“
ქვეყანაში ახალი პროფესიებისა და საგანმანათლებლო კვალიფიკაციების გაჩენის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა. „ეს ყოველივე ხელს შეუწყობს დასაქმების სექტორში კადრებზე არსებული დანაკლისის შევსებას, ევროკავშირის მხარდაჭერილი „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოების“ პროგრამა კი, სწორედ ისეთ პროგრამას მიეკუთვნება, რომელიც შეუწყობს ახალი პროფესიის, კვალიფიკაციის გაჩენას. პროფესიული უნარების სააგენტო მხარს დაუჭერს მომავალში პროგრამის განხორციელებას,“- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოში ჯანდაცვის სექტორისა და ლაბორატორიული სამსახურის განვითარების კუთხით, მან ცენტრის სახელით გამოთქვა მზაობა კვლავაც ხელი შეუწყოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. „ბოლო ორმა წელმა დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი განვითარება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ქიმიური,ბიოლოგიური, რადიაციული საფრთხის წინაშე ვდგავართ, აქედან გამომდინარე ბიოუსაფრთხოების დაცვა რთულია. პროგრამა გამოადგებათ სტუდენტებს, როგორც მაგისტრანტებს, ისე დოქტორანტებს. მადლობა ევროკავშირს და თსუ-ს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროგრამისა და სახელმძღვანელოს შექმანში,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების სასერტიფიკაციო კურსების შექმნის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში სწავლების შესაძლებლობების დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით, უწვეტი განათლების კუთხით. „ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს ახალი კურსი დასაქმების ბაზრის გამოწვევებს პასუხობს, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ლაბორატორული პერსონალისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას. მოგეხსებათ,რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და დასაქმების ბაზრის გამოწვევების დაკავშირება. ჩვენ მოუთმენლად ველით მიღწეულ შედეგებს,“- დასძინა კატალინ გერმანმა.
პროგრამის კოორდინატორის ნინო ინასარიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თსუ-ს ბაზაზე 100 მსმენელი გადამზადდება. „პროგრამა განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვინც დასაქმებას აპირებს ლაბორატორიული მომსახურების სფეროში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ გადამზადებული მსმენელები გაიუმჯობესებენ კარიერას, დასაქმდებიან ლაბორატორიებში და მაღალკომეპტენტურ მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას,“- თქვა ნინო ინასარიძემ.
შეხვედრაზე პროექტის გუნდმა სტუმრებს გააცნო შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები. მონაწილეებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პროგრამის მსმენელებს და მოესმინათ მათი შთაბეჭდილებები სასწავლო პროგრამაზე. მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საერთო მიზნის მისაღწევად - პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.
ღონისძიების დასასრულს პროგრამის პირველი ჯგუფის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი), სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია). პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებელი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“ ნაწილს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით.