საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კერძო და საჯარო სექტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა და საომარი მოქმედებების გავლენა საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაზე; სურსათსა და სხვა მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა,
ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილება და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ღონისძიებაზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა: „ეს არის ფორმატი, სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა გავლენა იქონია ომმა საქართველოს ეკონომიკურ პროცესებზე, რა არის გამოსავალი და როგორი იქნება ხვალინდელი დღე. საუბარი შეეხო ფასებსაც, რომელიც ფორმირდება სხვადასხვა ბაზარზე. მაგალითად, ბინების გაქირავება და გაძვირებული ფასები, რაც სტუდენტებსაც შეეხო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის ჩვენი პასუხი და როგორ უნდა რეაგირებდეს საქართველო ამ გამოწვევებზე.“
ISET-ის და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თამარ სულუხიას განცხადებით, პანელურ დისკუსიაზე საუბარი შეეხო გამოწვევებს, რისკებს და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკისთვის: „უკრაინაში რუსეთის აგრესიამ სრულიად შეცვალა ქვეყნებს შორის ურთიერთობების არქიტექტურა. სანქციებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მთელი რიგი ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა იცვლება, რათა დამოუკიდებლები გახდნენ რუსეთის ენერგეტიკისგან. სასურსათო ფასებმა მაქსიმალურ დონეს მიაღწია გლობალურ ბაზარზე და ამ სიტუაციაში საქართველოზე არის უდიდესი ზეგავლენები. საქართველოს ეკონომიკაზე არის ახალი რისკები, ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები.“
მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ინტერესები, არსებული ეკონომიკური, ფისკალური მდგომარეობა, სამომავლო რისკები და მათი აღმოფხვრის გზები, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
„თუ პანდემიამდელ სიტუაციაში ვვარაუდობდით, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 5% იქნებოდა, ვფიქრობთ, წელს დაახლოებით 3-4% იქნება. საკმაოდ დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და გლობალურადაც ინფლაცია, რადგანაც მიწოდების ჯაჭვებში საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა რუსეთს და უკრაინას,“- აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, გაზრდილი არის როგორც ნავთობის ფასები, ასევე სხვა პროდუქტების ფასები. ეს გარემოება მოითხოვს გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნებას ეროვნული ბანკის მიერ. რეგიონის რისკი არის უფრო გაზრდილი, ეს კი არ არის კარგი იმ ინვესტორების განწყობისათვის, რომლებიც უკვე ახორციელებენ ან მომავალში სურთ ინვესტიციების განხორციელება.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, უკრაინის მოქალაქის იაროსლავა ბაბიჩის თქმით, დისკუსია აუცილებელი იყო ორივე ქვეყნისთვის - უკრაინისთვის და საქართველოსთვის. შვედეთის საელჩოს წარმომადგენლის ერიკ ილესის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც უკრაინული, ასევე საქართველოს და საერთაშორისო ინტერესები, რათა განისაზღვროს შემდგომი ქმედებები.
პანელურ დისკუსიას ონლაინ ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი, უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ტიმოფეი მილოვანოვი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც სამედიცინო, ისე ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, უკრაინელი სტუდენტების სოლიდარობისთვის, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და განათლების უზრუნველყოფისთვის.
დისკუსიის მსვლელობისას მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმ სამომავლო ქმედებებზე, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებას საქართველოსა და ზოგადად რეგიონში.