საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

1 - 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი", ,,გუგუთი", ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,სადახლო-საავტომობილო", კანონდარღვევის 7 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 256,54 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 29 516,68 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 29 516,68 ლარით დაჯარიმდნენ.

მებაჟე ოფიცრებმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ 3 ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,გუგუთი" და ,,სადახლო-საავტომობილო" გამოავლინეს. ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 472,15 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოს საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.