მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის უკრაინელ კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, და, რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხებზეც იქნება საუბარი.
„ამ ვიზიტის მთავარი მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა, თუმცა, ბუნებრივია, იქნება ძალიან მეგობრული საუბარი ყველა თემაზე. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუ, რომელიც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა შეცვლილია. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება“, - ამბობს კობახიძე.