პეტრე ცისკარიშვილი: სააკაშვილი საქართველოში უნდა იყოს თავისუფლებაზე და მერე ვნახოთ, მიშას კამპანიის პირობებში, ვინ რა შედეგს დადებს არჩევნებზე

პეტრე ცისკარიშვილი: სააკაშვილი საქართველოში უნდა იყოს თავისუფლებაზე და მერე ვნახოთ, მიშას კამპანიის პირობებში, ვინ რა შედეგს დადებს არჩევნებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება და ის ქვეყანაში თავისუფლებაზე უნდა იყოს.

ცისკარიშვილმა მიხელ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე უცხოელების მხრიდან არის „დიდი ძალისხმევა“, თუმცა, „ჯერ არანაირი მოლაპარაკება პარტიის მხრიდან ხელისუფლებასთან არ არსებობს“.

„ძალისხმევა, რასაც პოლონელები თუ სხვა ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყენებენ, არ არის საკმარისი ამ ეტაპზე. მომავალში კიდევ უნდა გაძლიერდეს ეს წნეხი, რომ „ოცნებას“ ციხის კარები გააღებინო და მიშა სააკაშვილი გარეთ გამოაშვებინო“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, „სამკურნალოდ გადაყვანაზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენადაც „საქართველოს სჭირდება მიშა სააკაშვილი აქ, საქართველოში, გარეთ“.

ამასთან, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა უკრაინისთვის ძალიან დიდი რესურსი, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან „პრაქტიკულად ხიდი იქნებოდა“, მაგრამ „საქართველოსაც სჭირდება მიშა სააკაშვილი“.

„აქ უნდა იყოს თავისუფლებაზე და მერე ვნახოთ, სამართლიან, თავისუფალ არჩევნებში, მიშას გარეთ ყოფნის კამპანიის ჩატარების პირობებში, ვინ რა შედეგს დადებს არჩევნებზე“, - განაცხადა მან.