ისტორიულად ასეა, რომ კუდის ქიცინის, ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკას კარგი არაფერი მოაქვს, რუსეთს ახასიათებს დაუცველი ერების ჩაგვრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიჩუმე ახლა საქართველოს არაფერს მოუტანს და აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა ამ საკითხზე.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მზად ვართ ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით დავუდგეთ მათ გვერდით. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, მე რა განცხადებებიც ვნახე ხელისუფლების წარმომადგენლების, შედარებით ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს გენერალი ჩაჩიბაია, ჩვენ მისგან უნდა მოვისმინოთ რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ რა თქმა უნდა, სამხედრო გზით ტერიტორიების დაბრუნება უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ თუ დადგება მომენტი, რომ რუსეთი არ კმაყოფილდება უკვე მიტაცებული ტერიტორიით, საქართველომ თავდაცვაზე უნდა იფიქროს. აშშ- მ გააკეთა განცხადება და სამი სახელმწიფოს გარდა, რუსეთის, ნიკარაგუის და ეგზოტიკური სახელმწიფოების გარდა, საქართველოს ყველა აღიარებს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მთავარია ქართულმა ხელისუფლებამ ახლა შეძლოს ამ საერთაშორისო აზრის მობილიზება, სიჩუმე არ არის გამოსავალი, თუ ვინმე ფიქრობს ახლა საქართველოში, რომ სიჩუმით რამეს მივაღწევთ, ან სასარგებლო იდიოტია ან მიზანმიმართული მოღალატე საკუთარი ქვეყნის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.
ამასთან, როგორც ე.წა. პრეზიადენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება.