ძალინ დიდი წინსვლაა, რომ უკვე გვაქვს კონკრეტულად კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ მიმართული მედიკამენტი, რომელიც აზიანებს მას და ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მედიკამენტი ნაჩვენებია უფრო ამბულატორიულ პირობებში გამოყენებისთვის.
„პაციენტს, რომელსაც აქვს მაღალი პროგნოზული რისკი, თუ ის არის ხანდაზმული, აქვს რამე თანმხლები დაავადება, რომელმაც შესაძლოა პროგნოზულად დაამძიმოს მისი მდგომარეობა და არ არის ვაქცინირებული, ამ ჯგუფის პირებში ეს მედიკამენტი იძლევა იმის გარანტიას, რომ დაახლოებით 88-89%-ით შემცირდეს მძიმე დაავადების განვითარების რისკი, ასევე შემცირდეს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და რაც მთავარია, არ დადგეს ლეტალური გამოსავალი. ამ მედიკამენტის გამოყენება ასევე შესაძლებელია მოხდეს ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებში ადრეულ ეტაპზე, ვიდრე მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მედიკამენტის გამოყენება საჭიროა მალევე, როგორც კი მოხდება დიაგნოზის დადასტურება. დაახლოებით 3-5 დღიან პერიოდში, ამ პერიოდში უნდა მისი გამოყენება. კურსი არის 5 დღიანი. რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმებიც იქნებიან სატელეფონო კომუნიკაციით პროცესში ჩართული, გააგრძელებენ პაციენტებზე მეთვალყურეობას, რათა მოხდეს პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება, როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც დაიწყებს „პაქსლოვიდის“ გამოყენებას. ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე აქტიურად იყენებს პრეპარატს დეკემბრის ბოლოდან. შედეგები ძალიან კარგი და დამაიმედებელია და ეს რეალურად შემოიტანს გარდატეხას ეპიდემიის მიმდინარეობაში და ჩვენ გვექნება ქმედითი იარაღი იმისთვის, რომ დაავადების პროგრესირება არ მოხდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.