ჩვენს ინიციატივებს „ქართული ოცნება" მხარს თუ არ დაუჭერს, ამით ის ძალიან ნათლად ეტყვის ქართულ საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებსაც და უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ამ ომში დღეს დგანან ძალიან მყარად რუსეთის მხარეს და რუსეთის გვერდში, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს" ინიციატივები ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და რუსეთის გავლენის შემცირებას ეხება.
„საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე ინიციატივა, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ კვირების და უკვე თვეების მანძილზე, მაგალითად, „ლელო" შემოვიდა პარლამენტში ინიციატივით, რომ მივიღოთ რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც დღემდე არ განუხილავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. თუ მდინარაძეს მიაჩნია, რომ ამ რეზოლუციის განხილვა დღეს მიზანშეუწონელია, უნდა გამოვიდეს და ეს უთხრას პირდაპირ ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი ინიციატივაა და გასულ კვირას მივმართეთ პარლამენტს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიეცეს შესაძლებლობა სიტყვით გამოვიდეს საქართველოს პარლამენტში, ესეც თუ მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი, ესეც შეუძლია მდინარაძეს პირდაპირ უთხრას ქართველ ხალხს. ასევე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ არაერთი ინიციატივა, რაც შეეხება ორ მიმართულებას: უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და შევზღუდოთ რუსეთის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ამ ინიციატივებს მხარს თუ არ დაუჭერს "ქართული ოცნება", ამით ის ძალიან ნათლად ეტყვის ქართულ საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებსაც და უკრაინელ მეგობრებსაც, რომ ამ ომში დღეს "ქართული ოცნება" დგას ძალიან მყარად რუსეთის მხარეს და რუსეთის გვერდში",- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე "ომის პარტიის და მისი დანაყოფების" არცერთ ინიციატივას მმართველი გუნდი არ გაიზიარებს.