საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად:
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი.
ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია!
ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ომის პარტიის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს.
ამასთან ერთად, ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას.
ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა ომის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს.
ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა!
შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა“, - განაცხადა მდინარაძემ.