გიორგი ხელაშვილი გიორგი ვაშაძეზე: უკრაინაში იყო და ვიფიქრე, თვალი გაეხილა, რამხელა საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ გამოსვლა მისთვის ჩვეული ვიწროპარტიული პოპულიზმით დაასრულა

გიორგი ხელაშვილი გიორგი ვაშაძეზე: უკრაინაში იყო და ვიფიქრე, თვალი გაეხილა, რამხელა საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ გამოსვლა მისთვის ჩვეული ვიწროპარტიული პოპულიზმით დაასრულა

ბატონმა ვაშაძემ თავისი გამოსვლა დაიწო იმედის მომცემად. უკრაინაში იყო და ვიფიქრე, თვალი გაეხილა, რამხელა საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ მისთვის ჩვეული ვიწროპარტიული პოპულიზმით დაასრულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბიუროს სხდომაზე გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიცია თითქმის არ იყო არცერთ იმ დელეგაციაში, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის საკითხს აყენებდნენ. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ მუშაობს იმ თემებზე, რომლებიც საჭიროა ევროპული ინტეგრაციისთვის. საქმე და პრობლემა ბრიუსელში ჩასვლა არ არის, ამას ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საპარლამენტო დელეგაციები თავს კარგად ართმევენ - ამაში თქვენი დახმარება მაინცდამაინც არავის სჭირდება.

თქვენი დახმარება პარლამენტსა და ხალხს სჭირდებათ რომ აქ, პარლამენტში იმუშაოთ. ნახევარი წელია თქვენი ფეხი არ ყოფილა პარლამენტში, შემოხვედით და ერთადერთი რაც თქვენგან ისმის, ეს არის ხმამაღალი, ხშირად ყვირილით გაკეთებული განცხადებები. არ მახსოვს, რაიმე კონსტრუქციული როლი თქვენი მხრიდან იმ კანონმდებლობის შემუშავებაში, რაც აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მოგიწოდებთ, ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად იმუშაოთ პარლამენტში ისე, როგორც პარლამენტარებს შეეფერებათ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე წინადადებით მიმართა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი გაიმართოს.