გიორგი ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული

გიორგი ვოლსკი: საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული

შეიძლება ნატოს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია არ უნდა შეცვალოს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება ის საკითხია, რაც პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია - უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ პროცესები როგორ ვითარდება - რა პოზიცია უკავია ნატო-ს, ქვეყნებს, რომლებმაც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტონ და რა პოზიცია უკავია თავად უკრაინას.

ჩვენი და ნატოს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატოსთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება.

ჩვენ იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ, ვისთან ერთადაც ვომობდით და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას.

აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის - ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად ამ თემის საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ.

როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რა საკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.