ჯანდაცვის მინისტრი: პანდემია დასასრულს უახლოვდება

ჯანდაცვის მინისტრი: პანდემია დასასრულს უახლოვდება

დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 643 295 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 601 578 , გარდაიცვალა 16 678 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.