საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას ეხმიანება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი, რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მიწოდებას ეხება და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ხელს აწერს გრიგოლ ვაშაძე, არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რადგან აღნიშნულ დოკუმენტს ხელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა მოაწერა და ეს მხოლოდ მისი პირადი პოზიციაა.
ხელაშვილი ასევე განმარტავს, რომ ეს არის სარეკომენდაციო, მხარდამჭერი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები აწერენ ხელს. შესაბამისად, არც ერთი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.
„ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი. ზოგი მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი ოპოზიციიდან, ზოგი ხელისუფლებიდან. საქართველოს შემთხვევაში პირადი ინიციატივით, ამას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, გრიგოლ ვაშაძემ. შეიძლება ითქვას, საქართველოს შემთხვევაში დოკუმენტი არის პირადად ვაშაძის ინიციატივა. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ არც ერთი ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან ამას საერთო არ აქვს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.