ანრი ოხანაშვილი:  „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში იმ რეგულაციის პროცედურული დაზუსტება ხდება, რომელიც კონსტიტუციით აქამდეც გაწერილი იყო

ანრი ოხანაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში იმ რეგულაციის პროცედურული დაზუსტება ხდება, რომელიც კონსტიტუციით აქამდეც გაწერილი იყო

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში კანონპროექტით იმ რეგულაციის პროცედურული დაზუსტება ხდება, რომელიც კონსტიტუციით აქამდეც გაწერილი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაწერა ხდება.

„განსაკუთრებული სიახლე კი არ შემოგვაქვს, არამედ არსებულის რედაქციული გასწორება ხდება. კონსტიტუცია უფლებამოსილებების შესახებ დავას ითვალისწინებდა როგორც ნორმატიული აქტის დარღვევის შემთხვევაში, ასევე მოქმედების ან უმოქმედობის შემთხვევას. არ მესმის, რა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასასმელი. კანონში ხდება იმ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაწერა, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია. ეს არის კომპრომატი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ? როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ უფლებამოსილებების შესახებ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, ეს მოიაზრებს როგორც ნორმატიულ აქტს, ასევე მოქმედებას ან უმოქმედობას. კანონში საჭიროა ამის პროცედურული გაწერა. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით ვიცოდით, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭომ განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონკრეტული ქმედების არგანხორციელების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციასთან დაკავშირებით იდავებდა, აღნიშნული საკითხის დაზუსტება გახდა საჭირო. სპეკულაციები რომ არ გამოგვეწვია, ჯერ პოლიტსაბჭოს განცხადება გაკეთდა და იმავე დღეს კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ მთავრობა პროცედურული თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, ოღონდ არა პრეზიდენტის დასჯისა და შევიწროებისთვის, არამედ კომპეტენციებთან დაკავშირებით ცივილიზებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში აპრობირებული მოდელით დავისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი.