ზაზა ფირალიშვილი:  პუტინი თავს არ მოიკლავს - ერთადერთი რაც შეიძლება, მოხდეს შიდა წრეებმა მოწამლონ და მოკლან, რითაც მთელს დედამიწას დიდ სიკეთეს მოუტანენ

ზაზა ფირალიშვილი: პუტინი თავს არ მოიკლავს - ერთადერთი რაც შეიძლება, მოხდეს შიდა წრეებმა მოწამლონ და მოკლან, რითაც მთელს დედამიწას დიდ სიკეთეს მოუტანენ

პუტინის სურვილია დიდი რუსული იმპერიის აღდგენა. 2008 წელს მან ირწმუნა, რომ ამის გაკეთება შეუძლია. იგრძნო, რომ ევროპას შეიძლება შეშინებოდა და უკან დაეხია, ეს კონფლიქტი რომ არ გაღრმავებულიყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, რუსეთში „არასდროს უჭირდათ ათასების სასიკვდილოდ გაწირვა“ და ლოზუნგით - „დედები კიდევ გააჩენენ“ მოქმედებენ.

„რუსეთი ფაქტობრივად მესამე რომია, მართლმადიდებლობა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული რაც შეიძლება ქრისტიანობის მიმართ ჩაიდინო, როდესაც მას ახურდავებ და გეოპოლიტიკის დონეზე დაგყავს. პუტინი აბსოლუტურად არ არის მორწმუნე, მას ესმის, რომ ეს შეუძლია გამოიყენოს და პირადი მიზნები განახორციელოს.

ინგლისელებს რომ 500 კაცი დაღუპოდათ ეს მათთვის ეროვნული ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ რუსეთში არასდროს არ უჭირდათ ათასების გაწირვა სასიკვდილოდ. იმისთვის, რომ ჩეჩნეთში მეორე ომის საბაბი ჰქონოდათ აფეთქებები მოაწყეს და ადამიანები დაღუპეს, ახლაც ასე მუშაობენ. „დედები კიდევ გააჩენენ“ ეს ლოზუნგი აქვთ, ადამიანებს უყურებენ როგორც ბრბოს, საზარბაზნე ხორცს, რომელსაც გამოიყენებენ. იყო შანსი, რომ 90-იან წლებში ეს ყველაფერი დაეძლიათ, თუ მიხვდებოდნენ იმ ტრაგედიის სიღრმეს და მასშტაბებს რომელიც დაემართათ, დღეს რუსი ვერ აღიქვამს სტალინის დროს მილიონობით დაღუპულ ადამიანს ტრაგედიად. როგორც გერმანელები მიჰყავდათ და სათითაოდ, ცხვირით აჩვენებდნენ მოკლული ებრაელის ისტორიას ასე თითოეული რუსისთვის უნდა გეყურებინა ეკრანებზე როგორ იხოცებოდნენ ადამიანები გულაგში“, - აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.

ფილოსოფოსის ვარაუდით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი თვეების მანძილზე გაგრძელდება და პუტინი მეტ ყურადღებას საკუთარი ქვეყნის შიგნით, რეპრესიებზე გადაიტანს.

,,როგორც ჩანს ეს კონფლიქტი თვეების მანძილზე გაგრძელდება, ნამდვილად არ ველი, რომ მომდევნო დღეებში დასრულდება. პუტინს ეყოფა რესურსები, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მაინც გაჭიმოს ეს კონფლიქტი, ყურადღებას გადაიტანს ქვეყნის შიგნით და ველი, რომ გაგრძელდება რეპრესიები.

პუტინი თავის მომკვლელი არ არის, ადამიანი, რომელმაც მილიარდობით ქონება მოიხვეჭა თავს არ მოიკლავს, უბრალოდ იცის, რომ უკან დახევის შანსი აღარ აქვს და უმატებს დაძაბულობას, ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს შიდა წრეებმა მოწამლონ და მოკლან, რითაც მთელს დედამიწას დიდ სიკეთეს მოუტანენ“, - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.