ლაშა პაპაშვილი: სანქცირებული რუსული კომპანიები ჩამოსვლას არც ეცდებიან, რადგან მათ იციან, რომ საქართველოში ეს ყველაფერი უმკაცრესადაა რეგულირებული

ლაშა პაპაშვილი: სანქცირებული რუსული კომპანიები ჩამოსვლას არც ეცდებიან, რადგან მათ იციან, რომ საქართველოში ეს ყველაფერი უმკაცრესადაა რეგულირებული

სანქცირებული რუსული კომპანიები ჩამოსვლას არც ეცდებიან, რადგან მათ იციან, რომ საქართველოში ეს ყველაფერი უმკაცრესადაა რეგულირებული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.

„სანქცირებული და უმსხვილესი ადამიანების ბედს თქვენ ყოველდღიურად ხედავთ. სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიების მეშვეობით გადმოიცემა. მათი ყველა ანგარიში შეჩერებულია. უბრალოდ, უფრო საშუალო ფენა მოდის. ჩვენთან კონკრეტული მაგალითი იყო - ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მოსკოვში დახურა თავისი ოფისი და თუ არ ვცდები, 280 ადამიანის საქართველოში გადმოყვანას აპირებს. IT - კომპიუტერული პროგრამისტები რუსებს ძალიან ძლიერი ჰყავდათ და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხე არ იქნება“, - განაცხადა პაპაშვილმა.

მან უარყო აზრი, რომ რომელიმე სანქცირებული რუსული კომპანია საქმიანობის დაწყებას საქართველოში შეეცდება. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიების საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სანქციებს თავს აარიდებენ.

„ისინი არც ეცდებიან, რადგან მათ იციან, რომ საქართველოში ეს ყველაფერი უმკაცრესადაა რეგულირებული. ერთ ფაქტს მეც შევესწარი. რუსი პროგრამისტი იყო და თუნდაც, მისი ანგარიშის გახსნას 5-6 დღე დასჭირდა, აღარაფერს ვამბობ იმ მსხვილი კომპანიების კაპიტალის გადმოდინებაზე. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ამით დაცულები ვართ“, - დასძინა პაპაშვილმა.