თსუ სტუდენტების დახმარება უკრაინას

თსუ სტუდენტების დახმარება უკრაინას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით გაიგზავნა. 

სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას თსუ რექტორატი, ადმინისტრაცია, ფაკულტეტები, სპორტული და შემოქმედებითი  გუნდები შეუერთდნენ. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებმა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მიიტანეს. 

უკრაინელი ხალხისთვის გამართულ დახმარების აქციაში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ. „ნაციონალური სისხლის ბანკის“ წარმომადგენლების დახმარებით მოხალისეებმა  სისხლი გაიღეს უკრაინაში ომში დაშავებული ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სტუდენტების, და არამარტო სტუდენტების, სისხლის დონაციის აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და, ამავე დროს,  2021-2022 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია.

აგრეთვე, ყველა იმ უკრაინელ სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრა სამშობლოში, თსუ უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ.

ასევე, თსუ სთავაზობს უკრაინის ყველა მოქალაქეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელსაც უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.