ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას XX საუკუნის უდიდესი მოაზროვნის, გერმანელი ფილოსოფოსის, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის მარტინ ჰაიდეგერის (1889-1976) ნაშრომების სრული კოლექცია გადაეცა.
სახელგანთქმული ფილოსოფოსის სამეცნიერო მემკვიდრეობის 99 ტომი (გამომცემლობა Vittorio Klostermann, ქ. მაინის ფრანკფურტი: 1978–2020) მარტინ ჰაიდეგერის ძმისშვილმა ჰაინრიხ ჰაიდეგერმა თსუ-ს, მადლიერების ნიშნად, ანდერძით გადასცა (ანდერძის ხელნაწერი დადასტურებულია გერმანიის ზიგმარინგენის საქალაქო სასამართლოს მიერ).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ ფილოსოფიური სკოლა ჰაიდეგერის სამეცნიერო შემოქმედების შესწავლით ყოველთვის გამორჩეული იყო. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ჰაიდეგერის ნაშრომებზე მუშაობა, ბევრი ქართველი ფილოსოფოსი გახლდათ მისი ხაზის გამგრძელებელი, მათ შორის იყვნენ გურამ თევზაძე, კოტე ბაქრაძე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, მარტინ ჰაიდეგერის ოჯახმა გადაწყვიტა ძღვენის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნიკალური კოლექციისადმი ინტერესი სამეცნიერო საზოგადოებაში მაღალი იქნება,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, თსუ თავიდანვე შეიქმნა, როგორც ევროპული უნივერსიტეტი და ამის დასტური იყო შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული და განვითარებული ძლიერი ქართული ფილოსოფიური სკოლა. „ჩვენმა სახელოვანმა ფილოსოფოსებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს ჰაიდეგერის ფილოსოფიური ნაშრომების კვლევის თვალსაზრისით. ითარგმნა არაერთი ნაშრომი, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები. სწორედ ამიტომ, ჰაიდეგერის მემკვიდრემ თსუ-ს მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა“,- აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.
ჰაიდეგერის კვლევას თსუ-ში დიდი ხნის ისტორია აქვს. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ დემურ ჯალაღონიას განცხადებით, „მარტინ ჰაიდეგერმა კაცობრიობის განვითარებაში უზარმაზარი მსოფლმხედველობრივი გადატრიალება მოახდინა, ჰაიდეგერის კვლევას თსუ-ში დიდი ხნის ისტორია აქვს და ეს ისტორია 1923 წლიდან იწყება. თუმცა, განსაკუთრებული რეზონანსი, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში 1984 წელს გურამ თევზაძის თარგმანს მოჰყვა. ჰაიდეგერის ოჯახი აღტაცებული იყო ამ მოვლენით. ამას დაემატა კონფერენციაც, რომელიც მივუძღვენით ჰაიდეგერის დაბადებიდან 100 წლისთავს. ყოველივე ამან, გერმანული მხარის მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი ინტერესი გაზარდა, და ეს ამ უნიკალური კოლექციის გადმოცემით დაგვირგვინდა“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კოლექციის თბილისში ჩამოტანაში განსაკუთრებული დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ გაუწია.
გამოჩენილი ფილოსოფოსის ნაშრომების სრული კოლექციის გარდა, თსუ ბიბლიოთეკა მარტინ ჰაიდეგერის მცირე კრებულებით დასაჩუქრდა, რომელსაც თან ახლავს ჰაიდეგერის ავტოგრაფი. კრებულები ბიბლიოთეკას თსუ პროფესორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა ალექსიძემ გადასცა. „მარტინ ჰაიდეგერის ძმისშვილთან, ჰაინრიხ ჰაიდეგერთან 30 წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. ის პერიოდულად მიგზავნიდა ბიძამისის ნაშრომებს, წერილებს, ფოტოებს. უკანასკნელად რომ ვესაუბრე, თავისი სურვილი გამანდო, უნდოდა რომ ბიძამისის ნაშრომების სრული კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაეცა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავი,“- განაცხადა ლელა ალექსიძემ.
თსუ ბიბლიოთეკას საჩუქარი გადასცა თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტმაც. ახლახანს გამოცემული „ანთიმოზ ივერიელის თხზულებები“(მეორე ტომი), „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული“ და „ანთიმოლოგიური შტუდიები: ტრადიცია და პერსპექტივები“ დაინტერესებული მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ღონისძიებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
უნიკალურ კოლექციას სამეცნიერო საზოგადოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაეცნობა.