იგორ დოლგოვი მოხალისეებზე: არსებობს სრული გაგება იმისა, რომ მთავრობა არ შეეწინააღმდეგება მათ, ვისაც უკრაინაში წასვლა უნდა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა

იგორ დოლგოვი მოხალისეებზე: არსებობს სრული გაგება იმისა, რომ მთავრობა არ შეეწინააღმდეგება მათ, ვისაც უკრაინაში წასვლა უნდა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა

არსებობს სრული გაგება იმისა, რომ მთავრობა და ყველა სხვა ორგანო არ შეეწინააღმდეგებიან მათ, ვისაც უკრაინაში წასვლა უნდა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა „მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი პრობლემა არ არსებობს - ვისაც შეუძლია და სურს სხვადასხვა გზით მიდის უკრაინაში დასახმარებლად.

„რაც მოხდა, მე ვფიქრობ, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა განვიხილოთ, მაგრამ ნათელია, რომ ბევრი რამ იქნება განხილული. ასეთ რაღაცებზე ტელეფონით არ მსჯელობენ, ამიტომაც მივიღე ინსტრუქცია კიევში კონსულტაციებისთვის ჩასვლის თაობაზე.

არ იყო არანაირი შეთანხმება. არსებობს სრული გაგება იმისა, რომ მთავრობა და ყველა სხვა ორგანო არ შეეწინააღმდეგებიან მათ, ვისაც უკრაინაში წასვლა უნდა, მაგრამ თვითმფრინავთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს სულ სხვა ისტორიაა. არავის არაფერი აუკრძალავს, ვინ გითხრათ?! ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენ ვერ მივიღეთ თანხმობა ჩარტერულ ფრენაზე თბილისიდან. ესაა და ეს. რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი პრობლემა არ არსებობს - ვისაც შეუძლია და სურს, სხვადასხვა გზით მიდის უკრაინაში დასახმარებლად. დიპლომატიური თვალსაზრისით მთავრობის პოზიცია ჩანს, ამას თქვენც კარგად ხედავთ და ქართველებიც ხედავენ. ჩვენ მადლიერები ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა სხვა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ელჩმა.