ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განმარტა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება განიცადოს რუსეთმა დაწესებული სანქციების შედეგად.
ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ჩართვისას ისაუბრა.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის რუბლის გაუფასურება. ვინც ბიზნესში იყო ჩართული, მოგზაურობდა სისტემატურად ან სხვადასხვა მიზნისთვის უცხოური ვალუტა სჭირდებოდა, ის აქტიური საზოგადოება პირველ რიგში იგრძნობს ამ დარტყმას.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივაში, ალბათ, ეს უკვე იქნება სხვადასხვა საერთაშორისო, სპორტული, კულტურული ღონისძიებიდან რუსეთის ჩახსნა. ფინანსური თვალსაზრისით ესეც უარყოფით შედეგს გამოიწვევს.
შედარებით გრძელვადიანია ის, რომ რუსეთს შეეზღუდება წვდომა ტექნოლოგიაზე. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა უარი განაცხადეს, მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების რუსეთისთვის მიწოდებაზე, რაც იმას ნიშნავ, რომ რუსეთში წარმოება გაჩერდება. ეს ის ელემენტებია, რომელიც დღეს ნებისმიერი ტექნიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქნება ეს ავტომობილი, მტვერსასრუტი თუ სხვა. ამდენად, ეს იქნება გრძელვადიან დარტყმა ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ასევე ის, რომ საბანკო ანგარიშები შეიძლება გაეყინოთ რუსებს საზღვარგარეთ, ვერ იმოგზაურონ, ბიზნესი იქ ვერ აწარმოო, ფული ვერ დააგროვონ დასავლეთის ქვეყნებში. ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება“, - განაცხადა ჭარაიამ.