გელა მამუკაშვილი: ჩქარობენ

გელა მამუკაშვილი: ჩქარობენ "პატრიოტები", ანტიდასავლური განწყობები დღეს პიკშია, ამაზე უკეთეს მომენტს ისინი ძნელად თუ ნახავენ

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

“ბოლო დღეებში ღიად პრორუსულმა ძალებმა მხრები გაშალეს, გადიდგულდნენ, გამარჯვებულის პოზა დაიჭირეს და მენტორული ინტონაციები გაამძაფრეს. აქაოდა, რუსეთი ძლიერია, დასავლეთი მასთან პირისპირ შებმას ვერ ბედავს და სხვა გზა არ გვაქვს, რუსეთთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების დაწყებას ალტერნატივა არ აქვსო.                                                         

ზოგადად, მოალაპარაკება ყველასთან შეიძლება. უნარიან, წინდახედულ, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსს(მმართველს) მტერთან ლაპარაკიც უნდა შეეძლოს...ოღონდ, ოღონდ, დროისა და მომენტის შერჩევაა მთავარი. ამასთან, გააჩნია, კონკრეტულ მომენტსა და ვითარებას. მოცემულ ვითარებაში შეიძლება ლაპარაკი ჰუმანიტარულ საკითხებზე, თავდაუსხმელობაზე, გამყოფ ხაზებთან სტაბილური სიტუაციის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, პროდუქტის უსაფრთხო მიწოდებაზე, ტერორიზმის პრევენციაზე. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული კომუნიკაციაც იყოს, ჩვენ არავინ გვეტყვის და არც უნდა გვითხრას.                                                               

...და რა გზავნილები ჩანს "პატრიოტების", პოლიტიკური "მართლმადიდებლობის" და პოლიტიკური "ეროვნული ღირსების" ცუდად შენიღბულ პრორუს "დამცველთა" მხრიდან?! მათი "გაგებით", საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოლაპარაკებების დაწყება ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, როგორიცაა: ქვეყნის ორიენტაცია, ღია პროდასავლურ კურსზე უარის თქმა, ე.წ. ნეიტრალიტეტი, ნატო-ში გაწევრიანებაზე მკაფიო უარი...და ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ თავდაუსხმელობის პირობის მისაღებად.                                                

თუ როგორ იციან რუსთა მმართველებმა პირობის შესრულება, ისტორიიდან კარგად გვახსოვს. ამ ეტაპზე კი მოცემულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზება სხვა არაფერია, თუ არა სრული კაპიტულაცია, მოლაპარაკებების სკამზე სრულიად განიარაღებული, განძარცვული დაჯდომა და მოლაპარაკებიდან გაწბილებული გამოსვლის უცილობელი პერსპექტივა.                   რეალურად ამ მოწოდების უკან დგას "პატრიოტების" სპექტრის სურვილი--საქართველო რუსეთს მიეახლოს პარტნიორის, თანამდგომის, ზურგის გარეშე, რათა იძულებული გაგვხადონ, რომ ულტიმატუმის ენითა და ძალის პოზიციიდან თავს მოგვახვიონ საკუთარი ნება-სურვილი, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ შემთხვევაში ქართული ჯარის გაუქმებას თუ არა, "ხლაპუშკების" ამარა დატოვებას მაინც მოითხოვენ, რათა მომავალში თავად განაიარაღონ და დაშალონ.                   

ჩქარობენ "პატრიოტები", ანტიდასავლური განწყობები დღეს პიკშია, ამაზე უკეთეს მომენტს ისინი ძნელად თუ ნახავენ.                                             

გასაგებად თქვა პრემიერმა--ჩვენი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში იქნება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეო. ამ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას”.