ქართველი ქირურგი არჩილ ჭანტურიძე კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში უკრაინელ დაჭრილ ჯარისკაცებთან ერთად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რუსებსაც უწევს.
„დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ამ ურთულეს ვითარებაში მე ჩემს ოჯახთან ერთად კიევში ვიმყოფები და არ დაგვიტოვებია უკრაინის ტერიტორია.
მე ვარ ქირურგი და ბოლო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში ჩემს პროფესიულ მოვალეობას უკრაინელ კოლეგებთან ერთად საგანგებო რეჟიმში ვასრულებ.
მე მოვალე ვარ, გვერდით დავუდგე მათ ამ უმძიმეს პერიოდში. ჩვენ ერთად ვზრუნავთ დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირებზე. ჩემი პაციენტების რიგებში უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსი ჯარისკაცებიც არიან. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას!“, - განაცხადა არჩილ ჭანტურიძემ.
არჩილ ჭანტურიძე წლებია, უკრაინაში საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა კიევში გაიარა, ასევე პარალელურ რეჟიმში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
არჩილ ჭანტურიძე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია და კიევის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში უკვე 17 წელია მოღვაწეობს. მისი მეუღლე რუსუდან ტალახაძე ექიმი-რადიოლოგია, რომელიც ასევე კიევის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე 12 წელია მუშაობს. ჰყავთ ორი შვილი: ანანო და სანდრო.