კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ.
შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში - როგორც მაუწყებლობასა და ელექტრონულ კომუნიკაციებში, ასევე ენერგეტიკასა და წყალმომარაგებაში.
კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შეიქმნა სოციალური პროექტი - *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებისთვის კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება გამარტივდა. მობილურ ტელეფონებზე კოდის - *303# აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი და გადაამოწმონ დარიცხვა.
*303# კოდით მომსახურება უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, სერვისით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას. დღემდე, *303#-ს 3 მილიონზე მეტი გამოყენება აქვს.