შალვა პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას - საკითხს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური

შალვა პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე: სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას - საკითხს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური

„სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი საფუძველი და მეორე - თუ არსებობს უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. დადგენილების მხარდაჭერა, მათ შორის, დეპუტატების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ხატია დეკანოიძის განცხადების პასუხად.

მისივე თქმით, პრობლემაა, როდესაც საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება და სისტემასა და სახელმწიფოს არ აღიარებენ.

„სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და საკუთარი დასკვნა წარმოადგინა და ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება პოლიტიკურს - მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა მოცემული სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ თუ სხვა, დეპუტატებს მოუწოდებდით, რომ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღოთ. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მყარი სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, დამატებითი კრიტერიუმები არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

16 თებერვალს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც სასამართლომ დაადგინა, თავისუფლად შეიძლებოდა, პარლამენტის გადაწყვეტილება, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, განსხვავებული ყოფილიყო. მისი თქმით, ამ საკითხს, სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური საფუძველიც აქვს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ხატია დეკანოიძემ ეს განცხადება პოლიტიკური რეპრესიის დადასტურებად შეაფასა.

პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.