თვითონ ჩახსნეს სიები, ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს იყო მათთვის საბოტაჟის მთავარი ინსტრუმენტი, თავის თავზე უნდა იწვნიონ შედეგები, რაც მიიღეს საბოტაჟის გამო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიების აღდგენა მათ გაძლიერებას გამოიწვევს, მათი გაძლიერება კი ქვეყანაში დემოკრატიის შესუსტებას ნიშნავს.
„როდესაც საბოტაჟის მიზნით და რეჟიმში შენ ხსნი შენს სიას, ანულებ შენს საარჩევნო სიას და მერე იმდენი ღირსებაც არა გაქვს, რომ ერთი წლის თავზე შენს მიერ ჩახსნილი სიის განულება იმას მოსთხოვო, ვის წინააღმდეგაც საბოტაჟს აწარმოებდი, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რამ პოლიტიკაში.
„ნაცმოძრაობის“ მიმართ, რადიკალების მიმართ ჩვენ დიდსულოვნებას ვერ გამოვიჩენთ. შეიძლება რაღაც პრაგმატული ნაბიჯები გადავდგათ ქვეყნისთვის, რაც გაგვიკეთებია არაერთხელ, თუმცა ის, რომ დიდსულოვნება „ნაცმოძრაობის“ მიმართ გამოვიჩინოთ, ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც დაგვანახა გასულმა ცხრაწლიანმა და თვრამეტწლიანმა პერიოდებმა: რაც უფრო ძლიერია „ნაცმოძრაობა“, მით მეტი ზიანი ადგება ქვეყანას, რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, მით უფრო მეტი სარგებელი აქვს დემოკრატიულ სისტემას. აქედან გამომდინარე დიდსულოვნება „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნიშნავს მის თუნდაც ცოტათი გაძლიერებას, „ნაცმოძრაობის“ ცოტათი გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიის ცოტათი შესუსტებას. „ნაცმოძრაობის“ ძალიან გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიული სისტემის კიდევ უფრო დასუსტებას. ამიტომ ჩვენ ქვეყანას ვერ დავაზიანებთ დიდსულოვნებით. ჩვენ ამას არ განვიხილავთ.
ეს მეტყველებს მათ უკიდურეს მოშლაზე. თვითონ ჩახსნეს სიები, ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს იყო მათთვის საბოტაჟის მთავარი ინსტრუმენტი. მათ ის შედეგები თავის თავზე უნდა იწვნიონ, რაც მიიღეს საბოტაჟის გამო. სიების განულება არის საბოტაჟის შედეგი. საბოტაჟი არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეიძლება დადგეს იგივე მოცემულობა. როდესაც მოინდომებ საბოტაჟს ინსტიტუტის წინააღმდეგ და მერე გინდა, რომ მშრალად გამოხვიდე აქედან, ეს ასე ვერ იქნება. ეს საბოტაჟი წარმატებით რომ დასრულებულიყო, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ყველა თვალსაზრისით იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.