ალეკო ელისაშვილი: ნათელაშვილს რომ მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, პარლამენტიდან გამოდით, ქუჩაში დადექითო, მისი მოწოდებები არასერიოზულია

ალეკო ელისაშვილი: ნათელაშვილს რომ მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, პარლამენტიდან გამოდით, ქუჩაში დადექითო, მისი მოწოდებები არასერიოზულია

ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის მოწოდებას ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის შესახებ არასერიოზულად მიიჩნევს. როგორც „მოქალაქეების“ ლიდერმა „პირველ არხს“ განუცხადა, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის პოზიცია არათანმიმდევრულია.

„მისი ეს აზრი მეტისმეტად წინააღმდეგობრივია და მადლობა შალვა ნათელაშვილს მოწოდებების, რჩევისთვის, მაგრამ უფლებას დავიტოვებ, რომ მისი რჩევა ძალიან არ გავითვალისწინოთ. ოთახი მას ჩემი ოთახის წინ მისცეს. ორი დღის წინ ამბობდა, რომ მისი პარტიის რაღაც ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, მანამდე თავად ერთი წელი ლანძღავდა ყველას, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდოდა. ვინაიდან მანდატი გაუუქმდა, ახლა გვირჩევს, მაქედან გამოდითო და ქუჩაში დადექითო, ეს არის გაუგებარი ზიგზაგი, რაც ბუმერანგის ეფექტის მატარებელია და არათანმიმდევრულ პარტიებს აზიანებს. კარგი იქნებოდა, საარჩევნო სიები აღმდგარიყო და ოპოზიციას დასკვნები თავად გამოეტანა, რომლებმაც იცანცარეს და არ დაგვიჯერეს. არ დაგვიჯერეს და ეს წინ დახვდათ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ სიებს არ აღადგენს, თუმცა ეს იქნება ჭკუის კარგი სასწავლებელი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

15 თებერვალს პარლამენტმა შალვა ნათელაშვილის, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ამის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდა.