საქართველოს მთავრობის სტრატკომი ეხმაურება ცალკეული მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები აქვს.
მათი შეფასებით, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომლის გავრცელება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.
„აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ყალბი ინფორმაცია ცალკეულმა მედიასაშუალებებმა 2020 წლის მაისშიც გაავრცელეს, რასაც პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს არის ცრუ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მათ შორის ნახსენებ პიროვნებასთან, აკაკი ჩხენკელთან. ეს პირი გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრამდე და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამ პერიოდის შემდეგ პრემიერ-მინისტრს მასთან არანაირი სახის ურთიერთობა აღარ აკავშირებს. შესაბამისად, ეს ვარაუდი თუ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, - ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.