„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ეს გადაწყვეტილება ვერ გაგვტეხს, პირიქით, ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს გასათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სახელმწიფო მიტაცებულია და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, არის უკანონო.
მისი თქმით, „ლელო - საქართველოსთვის“ იბრძოლებს ამ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს მეორედ ხდება ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველად სადეპუტატო უფლებამოსილება სახელმწიფო გადატრიალებამ შემიწყვიტა, ახლა სადეპუტატო უფლებამოსილება მიტაცებულმა სახელმწიფომ. ეს არის იმის შედეგი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში: სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, არის უკანონო, უსამართლო და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.
მთელი ეს პერიოდი, რაც დაიწყო ჩვენი დევნა, ჩემი და მამუკა ხაზარაძის, ყველა რეპრესიული მექანიზმი, რაც კი შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, იქნა ამოქმედებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, დაკავებული თანამდებობიდან ძალით გათავისუფლება, ანაკლიის პროექტის გაჩერება, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ სცდება ყველა სამართალს და ყველა პრეცედენტსაც კი, არ არსებობს ასეთი პრეცედენტი ისეთი გადაწყვეტილება დააწერინეს მოსამართლეს, რომლის ამოცანა იყო ერთადერთი, - რეპუტაციის შელახვა და შემდგომ ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაციას გამოეყენებინა ეს სასამართლო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შეეწყვიტა ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილება.
ეს გადწყვეტილება ჩვენ ვერ გაგვტეხს, პირიქით, ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს გასათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ „ლელო საქრთველოსთვის“ ვალდებულებას ჩვენს თანამოქლაქეებთან შევასრულებთ, გავაგრძელებთ მშვიდად, შემართებით და გადავდგამთ იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ვითარებაში. ასე რომ, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა დღეს განხორციელდა პარლამენტში და ძალიან სიმბოლურია, რომ 30 წლის შემდეგ, როდესაც პირველად შემიწყვიტა სახელმწიფო გადატრიალებამ უფლებამოსილება. ეს გაიმეორა „ქართულმა ოცნებამ“ მაგრამ ღირს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ჩვენი ხალხის ინტერესები იქნას დაცული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისათვის, მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა. ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია.