ხატია დეკანოიძე: კოკა კაციტაძემ კითხვებზე პოლიტიკური განცხადებებით მიპასუხა - ჩვენი ფრაქცია ვერც ერთ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერს

ხატია დეკანოიძე: კოკა კაციტაძემ კითხვებზე პოლიტიკური განცხადებებით მიპასუხა - ჩვენი ფრაქცია ვერც ერთ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერს

კოკა კაციტაძემ კითხვებზე პოლიტიკური განცხადებებით მიპასუხა - ჩვენი ფრაქცია ვერც ერთ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე კანდიდატზე გაცილებით კარგი წარმოდგენა შეექმნა, თუმცა, ორივე მათგანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არის მიკერძოებული.

„ძალიან მარტივი კითხვები მქონდა ბატონ კოკასთან, ეს ეხებოდა იმას, თუ რა გარანტია გვაქვს იმის, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, რომელშიც სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდა, არ გადაიტანს ასეთი მუშაობის სტილს ახალ თანამდებობაზე, რაზეც მან პოლიტიკური განცხადებებით მიპასუხა. ამიტომ ჩვენი ფრაქციის მთავარი მოსაზრება არის, რომ ორივე კანდიდატი მიკერძოებულია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. გაცილებით, კარგი წარმოდგენა შემექმნა მეორე კანდიდატზე სამართლებრივი კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც არის მონაწილე ლექსო რაფავას საქმის, როგორც სახელმწიფო მბრალდებელი დასავლეთის ოლქის პროკურატურიდან, შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია ვერ დაუჭერს ვერც ერთს მხარს. ჩვენ ხვალ სესიაში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ეს არ იქნება პოზიტიური კენჭისყრა და შედეგები,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია. კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი.