გიორგი ვაშაძე:  ერთია, რას ამბობ კობახიძე, მეორეა რას ვიზამთ ჩვენ - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ მოთხოვნის შესრულება

გიორგი ვაშაძე: ერთია, რას ამბობ კობახიძე, მეორეა რას ვიზამთ ჩვენ - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ მოთხოვნის შესრულება

ერთია, რას ამბობს კობახიძე და მეორეა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ მოთხოვნის შესრულება, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზიციურ სპექტრზეა დამოკიდებული და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

„ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ნამდვილად არ უნდა „ქართულ ოცნებას“ და არ აწყობს. რატომ? - იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვანი ხდება ამით პოლიტიკური ცხოვრება, იმიტომ, რომ ის ვერ იქნება ერთპარტიული მმართველი, რაც დღეს არის და ა.შ. ამიტომ ერთია, რას ამბობ კობახიძე, მეორეა რას ვიზამთ ჩვენ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამისათვის.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთოთ და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მივიღოთ და შემდეგ მესამე მოსმენით.

სრული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ სწრაფად მოხდეს ეს ცვლილებები და აქედან გამომდინარე, რას ამბობს კობახიძე ერთია და მეორეა, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ მოთხოვნის შესრულება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინა პერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.