ამ ჩანაწერებში ახალი არაფერი თქმულა, თუმცა საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება და აღიარება, რომ ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი გახდა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამას ამბობს მოქმედი თავმჯდომარე და იმასაც ადასტურებს, რაც ასევე, საზოგადოებამ იცოდა, რომ თვითონ არ იყო მომხრე სააკაშვილის ჩამოსვლის საქართველოში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკის“ მიერ გაავრცელებულ ექსკლუზიურ მასალას, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.
„საერთოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა აღიარებით ჩვენებებზე. ის, რომ მაგალითად, უკვე მეორედ შემოვიდა პარლამენტში - აღიარა ლეგიტიმურობა ამ პარლამენტის, ის რომ რადიკალური მიშისტები არსებობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარამიამ აღიარა საჯაროდ თავის გამოსვლაში და ახლა უკვე მაგათმა თავმჯდომარემ აღიარა, რომ ზოგადად პარტიისთვის გახდა პრობლემა პატიმარი სააკაშვილი და ყველა ის პროცესი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.