რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებას, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად ყალბი საბაბი შეიძლება შექმნას, კერძოდ, გაავრცელოს პროპაგანდისტული ვიდეო, რომელშიც რუსების მიმართ აგრესია იქნება ნაჩვენები.
„ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა, პარტნიორებთან ერთად, მოიპოვა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ცდილობს რუსეთი გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, - განაცხადა ფსაკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ანალოგიურად მოქმედებდა სირიაში, რათა ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა გაემართლებინა, მსგავსი ცრუ საბაბები გამოიყენებოდა უკრაინასა და გერმანიაში, ასე რომ, აშშ-ის მიზანია, არ მისცეს რუსეთს შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს ტყუილები უკრაინაში შეჭრის საბაბად.