თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ოკუპანტი ფეხებსაც ვერ მოგვჭამს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ხაბეიშვილმა უკრაინის საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩირგვებში არასდროს დამალულა.
„ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ვართ თავმოყვარე ერი, არა მშიშარა, მხდალი, ან ძმობა და მეგობრობა არ ვიცოდეთ, ანდა ერთმანეთთან დამოკიდებულება გვეშლებოდეს, მათ შორის იმ ქვეყნებთან, ვინც არის მოძმე ერი. ბომბებს უშენდნენ უკრაინას და ჩვენ ენის მოჩლექით ვწეროთ რეზოლუცია და არ ვახსენოთ ის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას? ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ უსაფრთხო ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ძლიერში, დამოუკიდებელში და ისეთში, რომლის ადგილიც არის ცივილიზებულ სამყაროში.
არასდროს დავმალულვართ ჩირგვებში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავმოყვარეები და ასე გავაგრძელოთ, მათ შორის თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროსგან მივიღოთ მხარდაჭერა და გვერდში დგომა.
თქვენს სამეზობლოში შვარცნეგერი რომ შემოგივარდეთ, თუ მეზობლები არ დაგეხმარათ, მარტო ხომ ვერ მოერევით?! თუმცა, თუ მეზობლები გვერდში დაგიდგებიან, 10-15 მეზობელი, შვარცნეგერსაც გააგდებ და ზემოდან შეიძლება ჯეკი ჩანიც მიჰყვეს. მეგობრები და ცივილიზებული სამყარო გვჭირდება გვერდით, თორემ თუ დაგვიმარტოხელებს, გვცემს, დაგვჯაბნის კიდევაც, ოკუპაციასაც მოაწყობს, შეურაცხყოფასაც მოგვაყენებს. თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ფეხებსაც ვერ მოგვჭამს. უკრაინას ხომ უდგას მთელი მსოფლიო გვერდით, აბა ვნახოთ ვისი აჯობებს, აბა ვნახოთ როგორ გააკეთებენ და თუ გააკეთებენ, დინგში მიიღებენ. ამას ბრიტანეთის პრემიერი ამბობს და არა ლევან ხაბეიშვილი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ხაბეიშვილმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის ბოიკოტმა აზრი ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა „საკონსტიტუციო ცვლილებების რაოდენობის ოპოზიცია შევიდა პარლამენტში“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება საკრებულოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებშიც.
„ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებებს არ ცვლის. ჩვენ ვთქვით უარი პარლამენტში შესვლაზე, რადგან ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ არალეგიტიმურია და ხელი არ მოვაწერეთ. თუმცა, ჩვენმა ბოიკოტმა აზრი დაკარგა მაშინვე, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების რაოდენობის ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, არანაირი აზრი აღარ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მარტო ყოფნას ბოიკოტში. რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენმა კოლეგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ის, რომ ბოიკოტს აზრი არ ჰქონდა, პარტია თვითგვემას ვერ მიეცემოდა, დავიწყეთ საპარლამენტო საქმიანობა. ყველა მექანიზმი არის გამოსაყენებელი, იგივე საპარლამენტო ტრიბუნა. დარწმუნებული ვარ პროტესტი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობაში და საკრებულოებში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.