უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების დამრტყმელი ჯგუფების ფორმირება არ ფიქსირდება.
„დღეს, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ დამრტყმელი ჯგუფების ფორმირება არ ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ესკალაციის ალბათობა დაბალია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ამჟამად უკრაინის საზღვართან 115 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. კერძოდ, ისინი განლაგებულნი არიან ბელარუსში, რუსეთში, დონბასსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
„ჩვენ ნამდვილად არ ვგეგმავთ პროვოკაციებს ბელარუსის მიმართ და არ ველოდებით პროვოკაციებს ბელარუსის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ სწავლების დასრულების შემდეგ, რუსი სამხედროები ბელარუსს დატოვებენ“, - აღნიშნა მან.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური პირები აღარ აღწერენ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრას, როგორც „გარდაუვალს“, რადგან ეს გულისხმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.