კახა კალაძე ოპოზიციას: ყოველთვის ვიქნები „ფეიკების“ წინააღმდეგ, არასდროს მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და ყოველთვის მექნება პასუხი სიძულვილის ნიაღვარზე, რომელიც თქვენგან მოდის

კახა კალაძე ოპოზიციას: ყოველთვის ვიქნები „ფეიკების“ წინააღმდეგ, არასდროს მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ და ყოველთვის მექნება პასუხი სიძულვილის ნიაღვარზე, რომელიც თქვენგან მოდის

პატივცემულებო, როცა გამოდიხართ, აკრიტიკებთ მერიას, აკრიტიკებთ მერს, ჩვენს თანამშრომლებს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, პირადად მე და ჩვენი თანამშრომლები ვართ ის ადამიანები, ვინც რეალურად დაუპირისპირდა ამ ბრძოლას. პირადად ჩემთვის სიახლე არ არის ის სიბინძურე და სიცრუის ნიაღვარი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში მოდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობები დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, მისი მერობის პერიოდში, უკანონო მშენებლობებზე საჯარიმო სანქციები გაიზარდა. მისივე განმარტებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა, რაც მისი თქმით, უკანონო მშენებლობებთან საბრძოლველად ეფექტური ნაბიჯია.

„მე არასდროს მითქვამს, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და 2017 წელს, პირველად როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება იყო, სადაც დავიწყეთ ბრძოლა. დღეს გამოდიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ჩართული იყო უკანონო მშენებლობებში, უკანონო ნებართვების გაცემაში და შედეგი სახეზეა. მე მგონი არავის მოგწონთ ის, რაც დღეს თბილისში გვაქვს, რაც მივიღეთ იმ წლების განმავლობაში, ქალაქის არასწორი განვითარებით, უკანონო მშენებლობით და ა.შ. დღესაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უკანონო მშენებლობები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა.

პატივცემულებო, თქვენ დღეს როდესაც გამოდიხართ, აკრიტიკებთ მერიას, აკრიტიკებთ მერს, ჩვენს თანამშრომლებს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ, პირადად მე და ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც რეალურად დაუპირისპირდა ამ ბრძოლას. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები იყო 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. კომპანიებისთვის 3 000-ის ან 10 000 ლარის გადახდა არაფერს წარმოადგენდა. როდესაც მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში და ვნახეთ არსებული პრობლემა, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და 8 000-დან 50 000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ესეც არ არის საკმარისი და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტის დახმარებით მოხდა კანონის მიღება, რომ ასეთი დანაშაულები იქნება სისხლის სამართლის დანაშაულები. ვფიქრობ, ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგეთ და შევაჩეროთ.

ჩემთვის პირადად სიახლე არ არის ის სიბინძურე და სიცრუის ნიაღვარი, რომელიც მოდის განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. არჩევნებიდან დაწყებული ეს პროცესი გრძელდება და პირდაპირ შეურაცხყოფებზე გადმოდიან პირადად ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამშრომლების მიმართ. მიზანმიმართული მცდელობებია იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ყოველთვის ავიმაღლებ ხმას ამის წინააღმდეგ, ყოველთვის ვიქნები „ფეიკების“ წინააღმდეგ. შესაბამის განცხადებებს ყოველთვის გავაკეთებ და არასდროს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ყოველთვის იქნება პასუხი თქვენს სიცრუეზე, თქვენს სიძულვილის ნიაღვარზე, რომელიც ყოველდღიურად მოდის. ყოველთვის გავცემთ პასუხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს," - განაცხადა კახა კალაძემ.