ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 164 598 აქტიური შემთხვევაა. სწრაფი გავრცელება, რეინფიცირების მაღალი რისკი და კოვიდ-ტესტის მაღალი ცდომილება - ეს „ომიკრონის“ ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, სიტუაციას ყოველდღიურად ართულებს. მედიკოსები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესის აქტივაციისკენ და არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.
„24 ათასი ახალი შემთხვევა არ არის სრული სურათი. გაცილებით უფრო მეტია, შეიძლება სამჯერ-ოთხჯერ მეტი შემთხვევაა. აცრა არის ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ ჰოსპიტლებში და მსუბუქად გადავიტანოთ ამ შემთხვევაში არსებული ნებისმიერი ტიპის ვირუსები“, - განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.