იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. ამით დიპლომატმა უპასუხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც პარტიის პარლამენტში საქმიანობის საკითხს ეხებოდა.
როგორც ელჩმა განაცხადა, ადგილი, სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები პარლამენტია.
„აშშ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყოველთვის ყველა პარტიას მოუწოდებდა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“. ადგილი, სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები არის პარლამენტი. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები წარმომადგენლობითი პარლამენტის მშენებლობისთვის, სადაც იქნებიან საქარველოს თითოეული მოქალაქის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში“, - განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მოხარული იქნება თუ ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთობლივად იმუშავებენ.
„ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ. ამას ბევრი დრო და მოლაპარაკება დასჭირდება, თუმცა სწორედ ამისთვისაა პარლამენტი“, - განაცხადა მან.