ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა

ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა

„ომიკრონის“ ფართომასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე ვართ, ეს ცალსახაა. ბუნებრივია, ამ ტალღის პიკური მდგომარეობა იქნება იანვრის ბოლო - თებერვლის პირველის ნახევარი. ანუ, შემდგომი ორი კვირა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მან მოსახლეობას არსებული რეგულაციების დაცვისკენ და ბუსტერ-დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

„რა თქმა უნდა, გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. მაგრამ მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. იმის რისკი, რომ პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, კიდევ არსებობს. ამიტომ ყველას ვთხოვთ პირბადის ტარებას, ვაქცინაციასა და ბუსტერის დამატებას, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტი არ დაგროვდეს. ეს გაუჭირდება ყველა ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.