ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციური იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციური იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მრავალი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან