საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის რიგ უპირატესობებზე საუბრობს, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხსა და უწყვეტობაზე აისახება.
„ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს შესაძლებლობას ერთდროულად იქნეს აღებული ყველა ანათვალი და დასრულდება ის ქაოსი, რაც მრიცხველის წაკითხვის ახალი სისტემის ამოქმედებამდე გვქონდა აღრიცხვაში - ზოგ უბანში 5 რიცხვში ხდებოდა აღრიცხვა, ზოგან 15-ში და ასე შემდეგ. ეს პრობლემა მოგვარდება და ზუსტად 30 კალენდარულ დღეში იქნება მონაცემები გადაგზავნილი ავტომატურ რეჟიმში“, - განმარტავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი უპირატესობა აღრიცხვის ახალი სისტემისა არის ის, რომ თუ დღეს გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის ოპერატორები მიდიან ადგილზე, ხსნიან მრიცხველების ყუთების ბოქლომებს, გათიშავენ მრიცხველებს და აბონენტის მიერ გადასახადის გადახდის შემდეგ კვლავ იგივე საქმის კეთება უწევთ ჩასართავად, ამდენი დროისა და რესურსის ხარჯვა აღარ იქნება საჭირო.
„ მრიცხველების წაკითხვის ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ხელი შეეწყოს „ჭკვიანი მრიცხველების“ მასობრივ დამონტაჟებასა და მრიცხველის დისტანციურად, ოპერატიულად მართვას. როგორც კი გადახდა დაფიქსირდება, როგორც ეს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვისების შემთხვევაშია, დაუყოვნებლივ მოხდება ელექტრომომარაგების აღდგენა“, - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.
როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის სექტორი მუდმივად ვითარდება, დღემდე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ის, რომ მოქალაქეთა ნაწილისთვის გაუგებარია რატომ უნდა გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებით მოსახლეობის ქცევა არ შეცვლილა.
„ყველას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, არის ხალხი, რომლებიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებშიც კი პატიოსნად იხდიდნენ გადასახადს. ვინაიდან ადმინისტრირება არის საკმაოდ გაძლიერებული - „თუ არ გადავიხდი, გამითიშავენ“ - ამდენად თბილისში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, ეს პროცესი „ენერგო-პრო ჯორჯიაშიც“ მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა ვერაფერს გეტყვით სვანეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში“, - განმარტავს ენერგეტიკოსი.