ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის შემდეგ მართლაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა - 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის შემდეგ მართლაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა - 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხთან მიმართებით და რა შეიცვალა მის შემდეგ.

„დევნილთა საკითხებზე მე მქონდა საუბარი მინისტრ აზარაშვილთან. მისი დავალებით გუშინ დევნილთა სააგენტომ გაავრცელა განცხადება. მანამდე მინდა მოსახლეობას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წლამდე. 2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა. განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა, განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე. იყო შემთხვევები, რომ ოჯახს მათი ნების საწინააღმდეგოდ 9-10 კვადრატული მეტრი ფართი უკანონდებოდა. ასევე არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა და ასევე, 2012-წლამდე განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსის გამოყენებით და ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი. 2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამა, ალტერნატივები. მე მინდა ეს ჩამოვთვალო და მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენო: ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა დავიწყეთ ჩვენ ინტენსიურად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან. ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს და წარმოადგენს სააგენტოში შესასყიდ სახლს; დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა. მართლაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერმა.