ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს, - ამის შესახებ, გირჩის წევრმა“ სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გააკეთა.
„ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს. ეჭვი მეპარება, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ვინმე მხარს დაუჭერს.
ელენე ხოშტარიას ღიად გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ პარლამენტში არ უნდა. თუ ამ პოზიციას არ შეცვლის და არ იტყვის, რომ მას პარლამენტში უნდა, მაშინ ეს სულ სხვა საქმეა.
შალვა ნათელაშვილის შემთხვევა კი სულ სხვაა. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ეს არა მანდატის ამბავია, არამედა საბიუჯეტო დაფინანსების გადანაწილების. შეგვიძლია, იმ კუთხით გადავხედოთ, რომ არავის აინტერესებს მანდატი, ამ შემთხვევაში, არამედ სად წავა ფული: ბიუჯეტში დაბრუნდება, თუ შალვა ნათელაშვილის პარტიაში“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
პარლამენტარები ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სესიაზე მიიღებენ.
პარლამენტი საკუთარი სურვილით დატოვა კახა კუჭავამ. ასევე, უფლებამოსილების შეწყვეტა ემუქრება ბადრი ჯაფარიძეს, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.
პარლამენტს გარეთ შეიძლება დარჩნენ ასევე ელენ ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი.