ყველა მიმართულებით მსჯელობენ და მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, - ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
„სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს ციხის გარეთ და უცხოეთში. მათ ზუსტად იციან, განსაკუთრებით კი ქალბატონმა დენისოვამ {უკრაინის სახალხო დამცველი}, რომ აქ, ამ ვითარებაში, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნას მას საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია სრულფასოვნად განხორციელდეს. ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა იყო დაკავების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით უკრაინაში არის მძიმე ვითარება, მიხეილ სააკაშვილი მაინც არის იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტული. ისინიც აღშფოთებული არიან იმ ფაქტით, რაც მოხდა სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ. პირველი ვიზიტის ფარგლებში, ისინი უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას შეხვდნენ. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ციხეში მყოფი სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.