ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თანამშრომლობა პარტია „საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თავიდან უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, თავიდან ამ თანამშრომლობის მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო და სწორედ ამიტომ, გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რათა „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა.
„ვიცით, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით გადალახა ყველა ბარიერი და არჩევნებში გაიმარჯვა. და იმ თითო-ოროლა მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოებში ბალანსი ისე დაჯდა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, აი ამ დიდი, შეიძლება ითქვას შეთქმულების შედეგად, ეს კნინი კოალიცია მივიღეთ“, - ამბობს ქადაგიშვილი.
ის ვარაუდობს, რომ გარკვეული ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის მის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც იყო.
„რთული იყო იმის დანახვა, რამე ფარულად თუ მზადდებოდა, იმიტომ რომ ღია განცხადებები, ღია ქმედება, მთლიანად პარტიის პოლიტიკა მაშინ ნათელი იყო. მაგრამ, ეტყობა, გარკვეული ფარული ურთიერთობა და ზრხვა ამასთან დაკავშირებით არსებობდა გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას შორის“, რომელიც უკვე ამ პროცესების შედეგად გამოჩნდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი კორნელი სალია აირჩიეს, ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას წარმოადგენს და ამ თანამდებობაზე ერთადერთი დასახელებული კანდიდატურა იყო.